წმინდა ნინო


წმინდა ნინო


წმინდა ნინო — ქრისტიანობის მქადაგებელი და გამავრცელებელი საქართველოში (დაახ. 301–332 წწ.),მოციქულთასწორიმართლმადიდებელი ეკლესიის წმინდანი, ხსენების დღე არის ძველი სტილით 14 იანვარი და 19 ივნისი, ახალი სტილით - 27 იანვარი და 1 ივნისი.
 წმ. ნინოს „ცხოვრება“ ჩვენამდე სხვადასხვა რედაქციებით არის მოღწეული. ძირითადი რედაქციებია შატბერდული (X ს.), ჭელიშური (XIV ს.)და სინური (X ს.). გარდა ამისა, ნინოს ცხოვრების განსხვავებული რედაქცია არის ჩართული საისტორიო თხზულებაში – „ცხოვრება ქართუელთა მეფეთა“ („ქართლის ცხოვრება“), სადაც თხრობა, განსხვავებით„მოქცევაჲ ქართლისაჲ“–ს რედაქციებისაგან, მესამე პირში მიმდინარეობს.
XII საუკუნის დასაწყისში არსენ ბერმა (შესაძლოა ეს იყოს არსენ იყალთოელი) შექმნა წმ, ნინოს „ცხოვრების“ მეტაფრასული რედაქცია, ხოლო XIII საუკუნეში ანონიმი ავტორის მიერ შეიქმნა მისი პერიფრაზირებული ვერსია.
ისტორიული, წყაროთმცოდნეობითი თვალსაზრისით, ამ რედაქციათაგან უპირატესობა „მოქცევაჲ ქართლისაჲ“–ს სამ (შატბერდული, ჭელიშური, სინური) რედაქციას და „ ქართლის ცხოვრებისეულ“ რედაქციას ენიჭება, ხოლო არსენ ბერის და ანონიმის რედაქციებს, უფრო მეტად, ლიტერატურათმცოდენეობითი მნიშვნელობა აქვთ.
სულ ახლახანს გამოიცა წმ, „ნინოს ცხოვრების“ ახალქართული თარგმანი (პარალელური ძველი ტექსტითურთ), რომელიც, უმთავრესად, შატბერდულ ვერსიას ეფუძნება, ხოლ ნაკლული ადგილები სინური და ჭელიშური ვერსიებიდან არის შევსებული.

რედაქციები 


წმ. ნინოს „ცხოვრება“ ჩვენამდე სხვადასხვა რედაქციებით არის მოღწეული. ძირითადი რედაქციებია შატბერდული (X ს.),  ჭელიშური (XIV ს.) და სინური (X ს.).  გარდა ამისა, ნინოს ცხოვრების განსხვავებული რედაქცია არის ჩართული საისტორიო თხზულებაში – „ცხოვრება ქართუელთა მეფეთა“ („ქართლის ცხოვრება“), სადაც თხრობა, განსხვავებით„მოქცევაჲ ქართლისაჲ“–ს რედაქციებისაგან, მესამე პირში მიმდინარეობს.
XII საუკუნის დასაწყისში არსენ ბერმა (შესაძლოა ეს იყოს არსენ იყალთოელი) შექმნა წმ, ნინოს „ცხოვრების“ მეტაფრასული რედაქცია, ხოლო XIII საუკუნეში ანონიმი ავტორის მიერ შეიქმნა მისი პერიფრაზირებული ვერსია.
ისტორიული, წყაროთმცოდნეობითი თვალსაზრისით, ამ რედაქციათაგან უპირატესობა „მოქცევაჲ ქართლისაჲ“–ს სამ (შატბერდული, ჭელიშური, სინური) რედაქციას და „ ქართლის ცხოვრებისეულ“ რედაქციას ენიჭება, ხოლო არსენ ბერის და ანონიმის რედაქციებს, უფრო მეტად, ლიტერატურათმცოდენეობითი მნიშვნელობა აქვთ.
სულ ახლახანს გამოიცა წმ, „ნინოს ცხოვრების“ ახალქართული თარგმანი (პარალელური ძველი ტექსტითურთ), რომელიც, უმთავრესად, შატბერდულ ვერსიას ეფუძნება, ხოლ ნაკლული ადგილები სინური და ჭელიშური ვერსიებიდან არის შევსებული

მაყვლოვანში


მცხეთაში, სამეფო ბაღის მცველის სახლში 9 თვიანი ცხოვრების შემდეგ წმ. ნინო გავიდა ქალაქის ზღუდის გარეთ და დაბინავდა ერთ მაყვლის ეკალ–ბარდით შებურულ ადგილას. იქ შექმნა მან ვაზის ნასხლევისაგან ჯვრის გამოსახულება და ფარულად ლოცულობდა სამი წელი და ახდენდა მრავალ კურნებას (დღეს სწორედ იმ მაყვლოვანის ადგილას არის ზემო ეკლესიის, ანუ სამთავროს საკურთხეველი). ამ ხნის განმავლობაში, სასწაულებრივი კურნების ძალის წყალობით, წმინდანმა დაიმოწაფა შვიდი ქალი, რომელთა შორის იყო სიდონიაც,აბიათარ მღვდლის ასული.
ამასობაში, წმინდა ქალწულმა მრავალჯერ სცადა სიდონიას მეშვეობით გამოეკითხა მამამისისთვის ქრისტეს კვართის მდებარეობის ზუსტი ადგილი, რაზედაც აბიათარი ბუნდოვან პასუხს სცემდა: იქ არის იმ სამოსლის ადგილი, სადაც ხალხთა ენა არ დადუმდება ღმერთის მიმართ გალობაში და ის ადგილი არის, როგორც იაკობისადგილი, სადაც მას კიბე ესიზმრა ზეცამდე აღწეული. მხოლოდ ის განმარტა აბიათარმა, რომ ქრისტეს კვართის დამარხვის ადგილი ლიბანიდან მოტანილი და მცხეთაში დარგული ნაძვის ახლოს იყო (ეს სამეფო ბაღის ის ადგილია, საიდანაც აღებული მიწა წმ. ნინომ ბაღის უშვილო მცველსა და მის ცოლს შეაჭამა, რის შედეგადაც მათ შვილები გაუჩნდათ. ამ ადგილას, მოგვიანებით, სვეტიცხოვლის ეკლესია აშენდა).
მხოლოდ მცხეთაში მოსვლიდან მეოთხე წელს დაიწყო ნინომ ღიად ქრისტეს რჯულის ქადაგება და სნეულთა კურნება.


ნანა დედოფლის განკურნება 

მცხეთაში მოსვლიდან მეექვსე წელს (322 წ.) წმ. ნინომ სასწაულებრივად განკურნა ნანა დედოფალი უკურნებელი სენისგან. ნანა დედოფლის სასწაულებრივი განკურნებისა და ქრისტეს რჯულზე მოქცევის შესახებ „მოქცევაჲ ქართლისაჲ“–ში ძალიან მოკლედ არის ნახსენები, რაც იმას უნდა გულისხმობდეს, რომ ამ ამბის ვრცელი თხრობა დაკარგულია: „დედოფლისა ნანაჲს ზედა აჩუენა ღმერთმან პირველად ძალი მისი მიერ მაყულოვანსა მას შინა, განკურნა ლოცვითა მისითა სენისა მისგან მძიმისა, რომლისა ჴელოვნებამან კაცთამან ვერ შეუძლო განკურნებაჲ მისი“.
სამაგირეოდ, იბერიის დედოფლის განკურნებისა და მოქცევის ისტორია გაცილებით ვრცლად არის მოთხრობილი IV-V საუკუნეების ბერძნულ და ლათინურენოვან ავტორებთან: გელასი კესარიელთან (შემონახული აქვს გელასი კვიზიკელს), რუფინუსთან, სოკრატე სქოლასტიკოსთან, ერმია სოზომენესთან და თეოდორიტე კვირელთან. ამ ავტორთა თანახმად, მძიმე სენით შეპყრობილი დედოფალი თავისთან დაიბარებს მკურნალობით სახელგანთქმულ ტყვე–ქალს (ე. ი. წმ. ნინოს), რომელიც უარს იტყვის სასახლეში მისვლაზე, რის გამოც, დედოფალი თვითონ მივა მასთან (სხვა ვარიანტით მას სარეცლით მიიყვანენ). ტყვე–ქალი თავის ღარიბულ სამოსში გაახვევს თუ მასზე დააწვენს დედოფალს, მოუხმობს ქრისტეს და ილოცებს, რის შემდეგაც გამოჯანმრთელებული დედოფალი მხნედ ფეხზე წამოდგება.
იბერთა დედოფლის განკურნების ბერძნულ–რომაული ვერსიის ქართული ვარიანტი გვაქვს “მეფეთა ცხოვრებაში“. “მეფეთა ცხოვრების“ თანახმად, ნანა დედოფალს დიდი და მწარე სენი შეჰყრია, რომლის განკურნებაც ვერანაირი წამლით ვერცერთმა მკურნალმა შეძლო. ამ დროს ვიღაცამ უცნობებია დედოფლისთვის, რომ რომაელ ტყვე–ქალს, სახელად ნინოს, თავისი ლოცვით მრავალი სნეული განუკურნებია.
მაშინ დედოფალმა უბრძანა თავის მსახურებს, რომ მასთან მოეყვანათ ნინო. მივიდნენ მსახურები და ნახეს მაყვლოვანში მლოცველი წმ. ნინო, რომელსაც დედოფლის ბრძანება აუწყეს. წმინდანმა უარი თქვა სასახლეში წასვლაზე და დააბარა მსახურებს, რომ თუ მოვიდოდა დედოფალი მის სამყოფელში, მაშინ ის მას განკურნავდა ქრისტეს ძალით.
მსახურებმა ეს ამბავი მიუტანეს დედოფალს და მანაც ბრძანა საკაცით წაეყვანათ. მართლაც დედოფალი წაიყვანეს ნინოსთან მსახურებმა, რომელთაც მისი ძე, რევიდა მრავალი ხალხი გაჰყვა უკან.
როდესაც მიიყვანეს დედოფალი მაყვლოვანში, დააწვინეს წმინდანის კილიკზე (უხეში ბეწვისგან დამზადებული სამოსი, რომელიც ასკეტებს ემოსათ) და დაიწყო ნინომ ლოცვა და ვედრება ღვთის მიმართ, აიღო თავისი ჯვარი, შეახო სნეულს თავზე, ფეხებზე, მხრებზე, ჯვრის სახედ და მაშინათვე განიკურნა დედოფალი და ფეხზე წამოდგა.
განკურნებულმა ნანამ ირწმუნა ქრისტე და თქვა: „არ არის სხვა ღმერთი, გარდა ქრისტესი, რომელსაც ეს ტყვე–ქალი ქადაგებს“.
იმ დღიდან გახდა დედოფალი წმ. ნინოს ახლო მეგობარი და მუდამდღე გამოჰკითხავდა ქრისტეს რჯულს და ასწავლიდნენ მას ნინო, აბიათარი და მისი ასულისიდონია. ასე გახდა დედოფალი მორწმუნე და აღიარა ჭეშმარიტი ღმერთი.

მირიან მეფესთან დიალოგი და სპარსი დიდებულის განკურნება


ნანა დედოფლის განკურნების შემდეგ, წმ. ნინომ ნანას დედის ძმა, სპარსი მთავარი, სახელად ხუარა განკურნა (ეს ამბავი ქართლის მოქცევის ბერძნულ–რომaულ ვერსიებში მოთხრობილი არ არის). წყაროებიდან ვიგებთ, რომ იგი ყოფილა მოგვი, რაც აქ შეიძლება ნიშნავდეს, როგორც ზოროასტრული რელიგიის მღვდელმსახურს, ასევე – ამ რელიგიის რიგით მიმდევარს, მაზდეანს.
„მოქცევაჲ ქართლისაჲ“ მოგვითხრობს, რომ სპარსი მთავარი, ძლიერ დასნეულებულა, ბოროტი სულისგან ისე სასტიკად იგვემებოდა, რომ სიკვდილამდე იყო მისული.
მაშინ დედოფალიც და მეფეც შეეხვეწნენ წმინდა ქალწულს მის განკურნებას. მეფე მირიანი თან ნინოს სთხოვდა, რომ შეეწყვიტა რომაელთა უცხო რჯულის, ქრისტიანობის ქადაგება და პირიქით, ექადაგა ქართლის წარმართული ღმერთების არმაზის, ზადენის, გაცისა და გას სარწმუნობა და სამაგიეროდ ჰპირდებოდა სამეფო სახლთან დაახლოებასა და პატივს. ხოლო,თუ ამასთან ერთად, სპარს მთავარსაც განკურნავდა, მეფე წმინდა ნინოს გამდიდრებას, მცხეთის მოქალაქედ („მკჳდრი“) და არმაზის მსახურად გახდომას ჰპირდებოდა.
საპასუხოდ ნინომ კვლავ უქადაგა მირიან მეფეს და უწინასწარმეტყველა, რომ მოახლოვებული იყო მისი მოქცევის ჟამი. იქვე აუწყა მეფეს, რომ მის ქალაქში ინახებოდა ღმერთის ძის სამოსელი და ელიას ხალენი და რომ სულ მალე, აქ მოხდება მრავალი სასწაული, რომელსაც თვით ღმერთი აუწყებს მეფეს.
წმინდანი შეჰპირდა მეფეს სპარსი მთავრის განკურნებას ქრისტეს ძალითა და მისი ჯვრით, ისევე, როგორც ნანა დედოფალი განკურნა, რის შემდეგაც მოიქცა, საკუთარი სულის გასაბრწყინებლად და თავისი ერის ღმერთთან მისაახლოებლად.
მაშინ მოჰგვარეს ნინოს სპარსი მთავარი, რომელმაც ის [[ნანა დედოფალი |ნანა დეოფალთან] და სიდონიასთან ერთად წაიყვანა სამეფო ბაღში, დააყენა სასწაულებრივი ნაძვის ქვეშ, ხელები აღმოსავლეთისკენ ააპყრობინა და სამჯერ ათქმევინა: „ვიჯმნი შენგან ეშმაკო და შევუდგები ქრისტესა, ძესა ღმრთისასა“.
წმ. ნინო ერთი დღის განმავლობაში ლოცულობდა და ღმერთს თვალცრემლიანი შესთხოვდა იმ კაცის გამოჯანმრთელებას. მასთან ერთად ლოცულობდნენ ნანა დედოფალი და სიდონიაც. მაშინ გავიდა ბოტორი სული სპარსი მთავრის სხეულიდან და და დაემოწაფა ის და მთელი მისი სახლეულობა წმინდა ნინოს და ისიც ადიდებდა ღმერთს – მამას, ძესა და წმინდა სულს.

მირიან მეფის ნადირობა თხოთის მთაზე და მისი მოქცევა 

323 წლის 20 ივლისს, შაბათ დღეს მირიან მეფე სანადიროდ გავიდა მუხნარის მხარეს, შემოიარა მისი სანახები და ავიდა თხოთის მთაზე, მაღლარ ტყეში, რომ გადაეხედა ასპისთვის, კასპისთვის და უფლისციხისთვის.
ზუსტად შეუადღეს მთაზე მას მზე დაუბნელდა, ჩამოღამდა და სრულმა უკუნმა მოიცვა ის არემარე. სიბნელის გამო მეფეს ყველა თანმხლები მხედარი შემოეფანტა და დარჩა მარტო და იარებოდა მთებზე და ტყე–ღრეში შეშინებული და შეძრწუნებული.
მარტოდდარჩენილი მეფე ბოლოს შეჩერდა ერთ ადგილას იმედგადაწურული, კეთილისმყოფელი ღვთის წყალობით გონს მოეგო და გულში გაიფიქრა: არმაზს და ზადენს ვცემდი თაყვანს და მათ ვერ მომიტანეს შვება, ვერ მიხსნეს ამ გასაჭირისგან; ისიც არ ვიცი მთელი ქვეყანა მოიცვა უკუნმა, თუ მხოლოდ მე დამიბნელდა მზე, თითქოს ცოცხლად ჯოჯოხეთში ვიყო. ახლა ვახსენებ მას, ვისაც ნინო ქადაგებს, ჯვარცმულს და მის ჯვარს და თუ მხოლოდ მე დამიბნელდა მზე იქნებ მიხსნას გასაჭირისგან.
მართლაც, მეფემ მიმართა ნინოს ღმერთს და სთხოვა, რომ გაენათებინა მისთვის ბნელი და სამაგიეროდ, პირობა დადო, რომ აღიარებდა მის სახელს, აღმართავდა ძელს (ჯვარს) და აუშენებდა მას სახლს (ეკლესიას) სალოცავად. მეფემ, ასევე, პირობა დადო, რომ იქნებოდა ნინოს მორჩილი და მიიღებდა რომაელთა რჯულს (ქრისტიანობას).
ეს თქვა თუ არა მირიანმა, იმწამსვე გათენდა და მზე გამობრწყინდა. გადმოვიდა მეფე ცხენიდან, გაიწვდინა ხელები აღმოსავლეთისკენ და ადიდა ნინოს ღმერთი, იმ ადგილას კი ქრისტეს ჯვრის აღმართვა გადაწყვიტა, რათა იდიდოს მისმა სახელმა და ეს სასწაულის ამბავი ყოველთვის მოიხსენიებოდეს.
დაიმახსოვრა მან ის ადგილი და გამოემართა მცხეთისკენ. გზადაგზა გაფანტული თავისი მხედრობაც შემოიკრიბა და მათაც ეუბნებოდა, რომ თაყვანი ეცათ ნინოს ღმერთისთვის.
სასწაულებრივად გადარჩენილი მეფის შესახვედრად მცხეთის გარეთ, ქინძარსა და ღართში გამოვიდა ნანა დედოფალი და მთელი ქალაქი, რადგან პირველად მისი დაღუპვის ამბავი გაეგოთ და მერე მისი მშვოდობით მობრუნებისა. ამის გამო მთელი ქალაქი სიხარულს მოეცვა.
ამ დროს, ნეტარი ნინო, ჩვეულებისამებრ, მაყვლოვანში მწუხრის ლოცვაზე იდგა და მასთან ერთად, მისი მოწაფეებიც, ორმოცდაათი ადამიანი.
ქალაქში შემოსული მეფე მაღალი ხმით ღაღადებდა და კითხულობდა თუ სად იყო ის უცხო ქალი, რომლის ღმერთიც მას მხსნელად მოევლინა. როგორც კი გაიგო, რომ ნინო მაყვლოვანში იყო, მაშინვე იქით გაემართა ის და მთელი მისი ლაშქარი, ჩამოქვეითდა ცხენიდან, მივიდა და ეკითხებოდა ქალწულს, თუ იყო ღირსი, რომ ლოცვაში მოეხმო მისი ღმერთი და თავისი მხსნელი. ხოლო წმინდა ნინო მას ასწავლიდა და მოუწოდა, რომ სასწრაფოდ თაყვანი ეცა აღმოსავლეთით ქრისტესთვის, ღვთის ძისთვის. მაშინ ტიროდა მთელი ხალხი, რადგან ხედავდნენ მეფეს და დედოფალს, რომელთაც სიხარულისგან და დიდი საკვირველებისგან ცრემლები სდიოდათ.
ამ ამბიდან მეორე დღესვე მირიან მეფემ ელჩები გააგზავნა „საბერძნეთში“ (რომის იმპერიაში), ხოლო ნეტარი ნინო ხალხს დღე და ღამე სარწმუნოების ჭეშმარიტ გზას ასწავლიდა.

მცხეთის სამეფო ბაღში პირველი ეკლესიის მშენებლობა, სვეტიცხოველი 

რომის იმპერიიდან მღვდლების მოსვლამდე, ქრისტიანობის გზაზე გულმოდგინედ დამდგარმა მირიან მეფემ მცხეთაში ეკლესიის აშენება განიზრახა. იგი ნინოს ეკითხებოდა, თუ სად აეშენებინა ეკლესია, რაზედაც პასუხად მიიღო, რომ აეშენებინა იქ, სადაც ის მტკიცედ გადაწყვეტდა.
მეფემ ნინოს უთხრა, რომ თუმცა უყვარდა მისი მაყვლოვანი, მაგრამ მას სურდა, არ დაეზოგა სამეფო ბაღი, მასში მდგარი რტომრავალი ნაძვები და ყვავილთა სურნელება და სწორედ იქ აეშენებინა სალოცავი ტაძარი.
Svetitskhoveli Cathedral, Mtskheta, Georgia P. Liparteliani.jpg
მალევე დაიწყეს ტაძრის მშენებლობა. მოკვეთეს ერთი ნაძვი და შეამზადეს სვეტად, ხოლო მის ძირზე ეკლესიის საფუძველი ჩაყარეს. როდესაც დადგა დრო ამ სვეტის აღმართვისა, სცადეს ხუროებმა და ვერ შეძლეს. მაშინ შეიკრიბა უამრავი ხალხი და მეფეც მათთან იყო. დაიწყეს ნაირ–ნაირი იარაღისა და ხერხის გამოყენება, მაგრამ არათუ აღმართვა, სვეტის ადგილიდან დაძვრაც კი ვერ შეძლეს.
საღამოს, ამ ამბის გამო გულდამძიმებული მეფე და ხალხი წავიდ–წამოვიდა, ხოლო ნინო და, მასთან, თორმეტი სხვა ქალი, მათ შორის სიდონიაც, დარჩნენ ადგილზევე. წმინდა ქალწული ცრემლებს ადენდა სვეტს და გოდებდა.
შუაღამე იყო მოახლოებული, როცა იქ დარჩენილებმა დაინახეს, რომ არმაზის და ზადენის მთები ჩამოიქცნენ, ჩამოირღვნენ და შეაჩერეს ორივე წყალი – მტკვარი დაარაგვი. მტკვარმა გადმოხეთქა და ქალაქი მიჰქონდა, ხალხმა ატეხა ხმაური, მოთქმა და აქეთ–იქეთ სირბილი. ციხის (ბებრის ციხე) ზემოთ არაგვი გადმოვიდა და საშინელი გვრგვინვა ატყდა.
შეშინდნენ სიდონია და ნინოს თანმხლები სხვა ქალები და გარბოდნენ, ხოლო წმინდა ნინო ამშვიდებდა მათ: „ნუ გეშინიათ, ჩემო დებო, ის მთები იქვე დგანან და ის წყლები იქავე მიედინებიან და ხალხსაც ძინავს“. წმინდა ნინომ განუმარტა მათ, რომ ჩვენება, თითქოს მთები დაირღვნენ, ქართლში ურწმუნეობის რღვევას მოასწავებს, ხოლო წყლები რომ შეჩერდნენ, ეშმაკებისადმი შეწირულ ყრმათა სისხლის შეჩერებას ნიშნავს; მოთქმა–ვაების ხმა კი ეშმაკთა ხმებია, რომლებიც საკუთარ დამხობას გლოვობენ, რადგან განიდევნებიან ამ ადგილებიდან ქრისტეს ჯვრით. ნინოს სიტყვებით დამშვიდებული ქალები მობრუნდნენ და გააგრძელეს ღვთის მიმართ ლოცვა. მაშინვე დაცხრნენ ის ხმები და სიჩუმე ჩამოვარდა. წმ. ნინოც ლოცულობდა ზეცისკენ ხელაპყრობილი და ევედრებოდა ღმერთს, რომ არ დაებრკოლებინა სარწმუნოების საქმე.
მამლის ყივილამდე კიდევ მეორე ჩვენება იხილეს: მცხეთას ძლიერი ლაშქარი დასხმოდა თავს და ქალაქის სამივე კარი დალეწა. აივსო ქალაქი სპარსთა ლაშქრით და დაიწყეს ხალხის ისეთი ხოცვა, რომ ქალაქში სისხლი მოედინებოდა. უეცრად ხმალამოღებული ლაშქარი მლოცველებისკენ დაიძრა. ძლიერ შეშინდნენ ქალები.სიდონიას კი, რომელიც მამამისის და თავისი ნათესავების გამო ტიროდა, უცებ ხმა შემოესმა, თითქოს სპარსთა მეფე ბრძანებდა, რომ ებრაელებისთვის მოერიდებინათ მახვილი. ამის გაგონებაზე სიდონია გონებას მოეგო და შეორგულდა რწმენაში და მასთან, დანარჩენი ათი ქალიც. ამასობაში მოახლოვებული მახვილოსნები მათ გარშემო კლავდნენ და კაფავდნენ ხალხს და ისევ გაისმა ხმა, რომ მირიან მეფე შეიპყრესო. მაშინ წმ. ნინო მიუბრუნდა მათზე მიმავალ ლაშქარს მიმართა მათკენ თავისი მარჯვენა, ჯვარი გადასწერა და მაშინათვე გაუჩინარდა ის ურიცხვი ხალხი და სიმყუდროვემ დაისადგურა. ამის შემხედვარე ადიდებდნენ ქალები ღმერთს და წმინდა ნინოს შენატროდნენ.
ცისკარზე მიერულათ ქალებს, მხოლოდ სიდონია იყო მღვიძარე, ნინო კი ხელაპყრობილი ლოცულობდა. ამ დროს მოხდა სასწაული: წარმოდგა ერთი ჭაბუკი, მთლად ნათლით შემოსილი, ტანზე, ზეწრის მსგავსად, ცეცხლი ემოსა. ჭაბუკმა რაღაც სამი სიტყვა უთხრა ნინოს, ხოლო იგი პირქვე დაემხო. მიჰყო ჭაბუკმა ხელი სვეტს, აუწია თავი, აწია და წაიღო ზეცისკენ. მცირე ხნის შემდეგ ნინო და სიდონია გაშორდნენ იმ ადგილს და შორიდან იხილეს, რომ ის სვეტი ცეცხლის სახედ ჩამოვიდა ზეციდან, მიუახლოვდა თავის კვარცხლბეკს, გაჩერდა თორმეტი წყრთის სიმაღლეზე და ნელ–ნელა თავისსავე გადანაჭერზე დაეშვა. სწორედ ამ სასწაულის გამო ეწოდა ამ სვეტს „სუეტი–ცხოველი“.
რიჟრაჟზე უკვე ფეხზე იყო დარდისგან გულდამძიმებული მეფე, როცა გახედა თავის ბაღს და დაწყებულ ეკლესიას და იქ ზეცამდე აღწეული ელვასავით ნათელი დაინახა. მაშინვე გაიქცა მეფე და მისი ხალხი ბაღში და იქ მისულებმა იხილეს საკვირველება – ბრწყინვალე სვეტი ჩამოდიოდა და კაცის ხელის შეუხებლად, თავისით დაემყარა კვარცხლბეკზე. ამ სასწაულის გამო შიშითა და სიხარულით აივსო მცხეთა, სიხარულის ცრემლები სდიოდა მეფეს, მთავრებსა და მთელ ერს; ადიდებდნენ ღმერთსა და შენატროდნენ ნეტარ ნინოს.

სვეტიცხოვლის სასწაულები 

სასწაულებრივად აღმართული სვეტი მრავალ სასწაულებს ახდენდა.
პირველად, მოვიდა ერთი ებრაელი, რომელიც დაბადებიდან ბრმა იყო, შეეხო ცხოველ სვეტს და იქვე აეხილა თვალი და მოიქცა ქრისტიანობაზე.
მეორედ, ერთი ყრმა სეფე–წული, წარმართი, რვა წლის სნეული იყო (ეს სეფე–წული N/Sin50-ში მოიხსენიება, როგოც „ამაზასპეანი“, ხოლო „მეფეთა ცხოვრება“–ში – „ამაზასპანი“). მოიყვანა ის დედამისმა, საკაცეზე დააწვინა სვეტის წინაშე წმინდა ნინოს მის განკურნებას ევედრებოდა.
მაშინ შეახო ნინომ თავისი ხელი სვეტიცხოველს, შემდეგ დაადო ყრმას და ჰკითხა: „გწამს იესო ქრისტე, ცოცხალი ღმერთი ძე, მთელი ქვეყნიერების საცხონებლად ხორცით მოსული?“. და ყრმამ უპასუხა: „დიახ, დედოფალო, მწამს იესო ქრისტე, დაბადებულთა მხსნელი“. მაშინ წმ. ნინომ უთხრა: „განიკურნე ამიერიდან და ადიდებდე მას, ვისმა ძალამაც განგკურნა“. ყრმა მაშინათვე წამოდგა, თითქოს მანამდე არაფერი სტკენოდა და ამის გამო შიში დაეცა მეფესა და მთელ ხალხს.
ამის შემდეგ, სხვადასხვა სნეულებით შეპყრობილნი მოდიოდნენ სვეტიცხოველთან და იკურნებოდნენ. ასე ხდებოდა მანამდე, სანამ მეფემ ხის საბურველი არ შექმნა სვეტის გარშემო, რის გამოც ხალხი ამ ფარდულს ეხებოდა და მაინც სწრაფად იკურნებოდნენ და ადიდებდნენ საკვირველთმოქმედ ღმერთს.
იმავ დროს, მეფემ ეკლესიის მშენებლობა განახლა, ხოლო „საბერძნეთიდან“ (რომის იმპერია) ჩამოვიდნენ ელჩები, მღვდელთ–მოძღვარი, მღვდლები და დიაკვნები და დაიწყეს ნათლისცემა.

დასნეულება და გარდაცვალება, კუხეთის დაბა ბოდი 

კახეთში სარწმუნოების ქადაგების შემდეგ წმ. ნინო დასნეულდა და გამოემართა მცხეთისკენ და როცა მოაღწია კუხეთის (კხოეთი) დაბა ბოდინს, იქიდან ვეღარ შეძლო სიარული. ქალაქ უჯარმიდან (უჟარმა) მოვიდნენ მეფისმირიანის ძე რევი, მისი ცოლი სალომე და ასული და თავზე ადგნენ მზრუნველებად.
მცხეთიდან მეფემ და მისმა ცოლმა, ნანამ მიავლინეს იოანე მთავარეპისკოპოსი წმინდანის სანახავად დამცხეთაში წასაყვანად, მაგრამ მან არ ინება. სამაგიეროდ, წმ. ნინომ სთხოვა მთავარეპისკოპოსს, რომ მის შემდეგიაკობ მღვდელს დაეკავებინა მისი ადგილი. იმავ დროს გადასცა მას ელენე დეოფლის მიერ ნინოსადმი მოწერილი წერილი, სადაც მას დედოფალს, მოციქულს და მახარებელს უწოდებდა, ასევე ელენე დედოფლის მიერ გამოგზავნილი ძელი ცხოვრებისას ნაწილი. შეწირა ჟამი იოანე მთავარეპისკოპოსმა და აზიარა წმ. ნინო ქრისტეს სისხლსა და ხორცს.
როდესაც შეიტყვეს წმინდა ნინოს სასიკვდილე სენის შესახებ, ბოდში შეიკრიბნენ ქვეყნის მეფენი, მთავრები ცოლებითურთ და მხედარი ერისკაცები. გარშემომყოფი დედოფლები და მთავრები ცრემლით ევედრებოდნენ, რათა წმინდანს მოეყოლა თავისი ამბავი – სად აღიზარდა, საიდან მოვიდა და როგორ მოაღწია ქართლამდე. მაშინ მოიტანეს საწერ–კალამი სალომე უჯარმელმა და პეროჟავრი სივნიელმა და დაიწყო ნინომ თხრობა და ისინი იწერდნენ.
წმინდა ნინო გარდაიცვალ იქვე, კუხეთის დაბა ბოდში, რომელსაც, ტრადიციულად, დღევანდელ ბოდბესთან აიგივებენ, თუმცა არსებობს საფუძვლიანი მოსაზრება, რომ ბოდი უნდა იყოს დღევანდელი სოფ. ნინოწმინდა საგარეჯოს მუნიციპალიტეტში.
როგორც უკანასკნელი გამოკვლევებით დგინდება, წმ. ნინო გარდაიცვალა ქართლში მოსვლიდან მეთხუთმეტე, ანუ დაახ. 332 წელს, 31 წლის ასაკში, ხოლო მისი გარდაცვალების მიზეზი იყო „სიცხე და ჴურვება“, რაც დღევანდელი ტერმინოლოგიით მალარიას შეესაბამება.
განმანათლებლის სიკვდილით დამწუხრებულმა მირიან მეფემ განიზრახა, რომ წმინდანი მცხეთაში გადმოესვენებინა და სვეტიცხოვლის წინ დაეკრძალა, მაგრამ ორასმა კაცმაც კი ვერ დაძრა ის მცირე საკაცე, რომელზედაც ნინო აღესრულა. ამის გამო წმინდანის გვამი დაკრძალეს ბოდში და მთელი სამეფო მას ოცდაათი დღე გლოვობდა. მირიან მეფემ წმ. ნინოს დაკრძალვის ადგილას ეკლესია ააშენა, ხოლო ნანა დედოფალს ანდერძით დაუბარა, რომ სამეფო სალარო ორად გაეყო და ერთი ნაწილი ნინოს საფლავისთვის შეეწირა, რათა თავისი ბუნებრივი სიმწირის გამო დიდება არ მოკლებოდა იმ ადგილს. ასევე, მეფემ მთავარეპისკოპოსს სთხოვა, რომ იმ ადგილის პატივსაცემად დღესასწაული დაეწესებინა.

No comments:

Post a Comment